18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები დედაქალაქში ბინის ქირას ვეღარ იხდიან - როგორ შეეხო პანდემია სტუდენტებს

ელენე გოგოხია 21 წლის სტუდენტია ოკუპირებული გალიდან. თბილისში 3 მეგობართან ერთად ქირით ცხოვრობს, ყოველთვიურად ეს გადასახადი 500 ლარია.

კორონავირუსის კრიზისის დროს სხვების მსგავსად მასაც გაუჭირდა, ენგურზე გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვეღარც მშობლებთან დაბრუნდა და ახლა ვეღარც ქირის გადახდას ახერხებს.

ელენე გოგოხია ერთ-ერთია თბილისში მყოფ იმ 250-მდე სტუდენტს შორის, რომლის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს.

ბინის ქირა 3 თვეა არ გადაუხდია რევაზ ეზუღბაიას, 20 წლის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ქირაში ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა უწევს. ამ თანხის შეგროვებას ვეღარც ის ახერხებს. თუმცა, სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და სოციალურად დაუცველი სტუდენტები პირველ სექტემბრამდე საერთო საცხოვრებლის საფასურს აღარ გადაიხდიან.

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში მყოფი სტუდენტების სწავლის გადასახადს საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს, ბინის ქირას თავად იხდიან. სტუდენტებს თვიდან თვემდე თავის გატანა ხშირად თვითდასაქმებით უწევთ, თუმცა კორონავირუსის კრიზისის გამო ბევრი მათგანი შემოსავლის ამ ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩა.

არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებენ და ამბობენ, რომ სტუდენტების საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს.

ამ საკითხზე ოფიციალურ უწყებებს დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ერთჯერადად უკვე დაეხმარა, თუმცა მხოლოდ საკვებით. განათლების სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებს მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ და ასეთ შემთხვევაში განცხადებებს ინდივიდუალურად განიხილავენ. სახელმწიფო მინისტრის აპარატში "კურიერს" წერილობით უპასუხეს.

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში განათლებას 250-მდე სტუდენტი იღებს, ახალგაზრდების ნაწილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნება შეძლო, აქ დარჩენილი 20-მდე სტუდენტი კი ამ დრომდე მთავრობის დახმარების მოლოდინშია.

დღის ამბები