18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
კორონავირუსი ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა - როგორია საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმა რიცხვებში

პანდემია რომ გლობალურ პრობლემად არა მხოლოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, არამედ ეკონომიკისთვისაც იქცა, ეს უკვე გამოჩნდა.

"კოვიდ 19"-ის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ეკონომიკის გადარჩენაზე ზრუნვაც მოუხდათ. პანდემიის ნეგატიური შედეგების შერბილება - ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზნად იქცა.

ვინ როგორ სცადა პანდემიის დარტყმის ქვეშ მოქცეული ეკონომიკის სტიმულირება - ჩვენი მეზობლებისა და ბალტიის ქვეყნების ხელისუფლების გეგმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა განიხილა.

საქართველოში COVID-19-ის ნეგატიური შედეგების შესამცირებლად მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა  - დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით.

აქედან თანხა გათვალისწინებულია როგორც კომპენსაციებისთვის, ასევე ეკონომიკის სტიმულირებისა და საფინანსო სექტორისთვის. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად 1,200 ლარს მიიღებენ ის ადამიანები, ვინც დასაქმებულები იყვნენ კერძო სექტორში და სამსახური დაკარგეს. ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ თვითდასაქმებულებს.

ამოქმედდა საგადასახადო შეღავათებიც. ხელისუფლებამ საგარანტიო მექანიზმიც შეიმუშავა.
სახელმწიფო ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სფეროებსაც ეხმარება. ასევე სოფლის მეურნეობასაც. ხელისუფლება ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი და არსებული სესხების სუბსიდირებაშიც მონაწილეობს.

პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ 3 თვით დაფარა საზოგადოების გარკვეული ნაწილის კომუნალური გადასახადები. ასევე 3 თვით ყველასთვის გადაავადეს სესხები ბანკებმა.

როგორც ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, აღნიშნული ნაბიჯები დროული და სწორი იყო, თუმცა რეკომენდაციებიც აქვთ.

ორი დღეა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები და ასევე ეტაპობრივად იწყებს გაცოცხლებას ეკონომიკა. რა იქნება რიცხვებში პანდემიის ზარალი, ამაზე საუბარი ანალიტიკოსებისთვის ნაადრევია.

მათი თქმით, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. დიდი ალბათობით ქვეყანას უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ექნება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების ანტიკრიზისულ გეგმას, როგორ აღმოფხვრან პანდემიის ზარალი. 

აზერბაიჯანის მთვარობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მეწარმეობის სტიმულირებას დაახლოებით 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარი მოხმარდება. თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტი დამატებითი რესურსების მობილიზებასაც აანონსებს.
ახალი სესხების მომსახურებისათვის დაახლოებით 300 მილიონს მიიღებს საკრედიტო გარანტიების პროგრამა. არსებული სესხებისთვის კი, დამატებით 600 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა. მთვარობა არსებული სესხების საპროცენტო განაკვეთის 10 პროცენტის, ხოლო ახალ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის 7 პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს.ფინანსური დახმარებაა გათვალისწინებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო ადგილები დაკარგეს. ისინი მთლიანად ორი თვის განმავლობაში $224.5-ს მიიღებენ, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება. ამ კომპენსაციის ბენეფიციარი დაახლოებით 600,000 ადამიანია. 

სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, დაფინანსებას სწავლის გასაგრძელებლად მიიღებენ.
სტიმულირების გეგმა საგადასახადო შეღავათებსაც ითვალისწინებს - საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მეწარმეებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებში მუშაობენ. დღგ-სგან გათავისუფლდა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები. დაზარალებული მიკრომეწარმეები კი ქონებისა და მიწის გადასახადს არ გადაიხდიან.

სომხეთში ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელშიც პანდემიის შედეგად არცერთი მშობელი აღარ მუშაობს, თითო შვილზე (14 წლამდე) $208-ის ოდენობით. ერთჯერად დახმარებას, $142-ის ოდენობით მიიღებენ ასევე დასაქმებულები, რომლებმაც პანდემიის შედეგად სამსახური დაკარგეს.
კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სესხები მომგებიანი პირობებით. სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 მლნ. დრამს, საპროცენტო განაკვეთი კი 6% იქნება.
კომპანიები, რომელთაც 2-დან 50-მდე დასაქმებული ჰყავთ, ერთჯერად გრანტს მიიღებენ. ერთჯერად გრანტს მიიღებენ ასევე მიკრო მეწარმეებიც.
მცირე და საშუალო საწარმოებს ექნებათ წვდომა სესხზე 50 მლნ. დრამის ოდენობით. სესხის ხანგრძლივობა 36 თვემდეა, მსესხებელი გადახდას 6 თვის შემდეგ დაიწყებს. 

ერთჯერად, 50% და 30%-იან, შეღავათს მიიღებენ მოქალაქეები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადზე. შეღავათის ოდენობა აბონენტის თებერვლის თვის კომუნალური დანახარჯებით განისაზღვრება.

თურქეთში, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ დაახლოებით $15.4 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის სტიმულირების გეგმა გამოაცხადა.

ბანკებმა სამი თვით გადაუვადეს სესხები კომპანიებს, რომლებსაც პანდემიის შედეგად ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

რაც შეეხება ესტონეთს, ქვეყნის პარლამენტმა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევის კრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს დახმარების პაკეტს 2 მლრდ. ევროს მოცულობით. აქედან, €1 მლრდ. გაცემული ბიზნეს სესხების შემსუბუქებას მოხმარდება. €500 მლნ. ბიზნეს სესხებს - მიმდინარე კაპიტალის ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად. €50 მლნ. კი გამოყოფილია საინვესტიციო სესხების სახით.

უმუშევართა დაზღვევის ფონდი €250 მლნ მიიღებს. კომპენსაციები გათვლილია დაზარალებული კომპანიებისა და მათში დასაქმებულთათვის. დაზარალებული თანამშრომლები მიიღებენ კომპენსაციას €1000-მდე, ანაზღაურების 70%-ს.

სტიმულირების პაკეტი საგადასახადო შეღავათებსაც ითვალისწინებს. შემსუბუქდება წინასწარი საგადასახადო შენატანები თვითდასაქმებულთათვის. ასევე, ორი თვით გაუქმდა საპროცენტო ინტერესი საბაჟო და საშემოსავლო დავალიანებებზე. ნაწილობრივ კომპენსაციას მიიღებენ კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შედეგად გაუქმდა. ამისთვის გამოყოფილია €3 მლნ.

დღის ამბები