საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ყველა შეზღუდვა ქვეყანაში ერთდროულად ვერ მოიხსნება.
"დღის კურიერში" სტუმრობისას ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღიდვების მოხსნა თანმიმდებრულად მოხდეს, რათა ვირუსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები "წყალში არ ჩაიყაროს".
მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რომელი ტიპის ტრანსპორტი ამუშავდეს პირველი.
"ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ ერთბაშად ყველა შეზღუდვას ვერ მოვხსნით. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთიანად შეზღუდვის მოხსნამ, არათანმიმდევრულმა მოქმედებამ ჩვენ შეიძლება დაგვაბრუნოს ბევრი ნაბიჯით უკან და ის შედეგები, რაც გვაქვს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წყალში ჩაგვეყაროს. ასეთ ფრთხილ ნაბიჯებს ჩვენ ვდგამთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი დღისწესრიგიდან მოხსნილი არაა. სამწუხაროდ, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მთავრობის დადგენილებაში მითითებული 15 ივლისი. პროცედურულად სხვაგვარად შეუძლებელი იყო, მოგეხსენებათ, რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო 15 ივლისამდე მოქმედებს და შესაბამისად, უფრო ადრე ან უფრო გვიან ვერ ჩაიწერებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება 15 ივლისამდე გაიხსნას ტრანსპორტი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მდგომარეობა გვექნება. რეალურად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შესაბამისი რეკომენდაციები შევიმუშაოთ, მხოლოდ ტექნიკურად მზაობა საკმარისი არაა, საჭიროა შესაბამისი რეკომენდაციები.
პირველი რომელი სატრანსპორტო საშუალება დაიწყებს მუშაობას, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება მოხდეს.
მოქალაქეებმა სწორად უნდა გაგვიგონ, ასე ვთქვათ ნდობა ჰქონდეთ ამ საკითხში მთავრობის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დეტალებს გაავსაჯაროებთ", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
გარდა ამისა, მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ტრანსპორტის ტექნიკურ მზაობასთან ერთად, საჭიროა, კონკრეტული რეგულაციები სწორად იქნეს დაცული. მაგალითად - რამდენი მგზავრი უნდა იქნას დაშვებული სატრანსპორტო საშუალებაში, კონკრეტულად უნდა გაიწეროს მძღოლის, მგზავრების, მუნიციპალიტეტის ვალდებულებებიც.