ბართლომე შელიასა და დათო ღურწკაიასთვის ბრალის წარდგენას პროკურატურა განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
საუბარია ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, ბათლომე შელიასთვის ბრალის წარდგენაზე. გამოძიება მას 126-ე მუხლის პირველით გათვალისწინებულ დანაშაულს, ძალადობას ედავება. მასთან ერთად ბრალი წარედგინება წითელი ჯვრის მოხალისეს დათო ღურწკაიასაც. ბათლომე შელია პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
საუბარია რამდენიმე კვირის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
"საქართველოს პროკურატურამ ბ.შ.-ს და დ.ღ.-ს ძალადობის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.-მ რ.ზ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.-მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.