ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დაპირებული ვიდეომასალის გასაჯაროებას აღარ აპირებენ. უფლებადამცველების განმარტებით, ეს არასრულწლოვანის ინტერესების გამო ხდება, რადგან კადრებში ბავშვიც ჩანს.
ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არსებობს ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ მომხდარა.
"საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალა ცალსახად ადასტურებს, რომ არც ნიკოლოზ ბასილაშვილს და არც მისი ოჯახის წევრებს ქალბატონ ნეკაზე არ უძალადიათ. დანარჩენს, მომავალში თუ რამე წარმოსადგენი აქვთ, წარმოადგენენ და გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ქონებრივ დავას, ამ ეტაპზე, ქონებრივი დავა არ მიმდინარეობს, ხოლო დამატებით თანხების გადახდას, რასაც ბატონი ბასილაშვილი საკუთარ თავზე იღებდა, შეწყვეტს ამის გადახდას, გარდა იმისა, რაც მორიგების ოქმით არის და ალიმენტი, ბუნებრივია. იმიტომ, რომ გარკვეული სპეკულაციების საგანი გახდა, თითქოს და ბატონი ბასილაშვილი გარკვეულ თანხას ნეკას უხდიდა დუმილის სანაცვლოდ,"-განაცხადა ადვოკატმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან ყოფილ მეუღლეზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. სპორტსმენის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. წინასასამართლო სხდომა პირველ ინსტანციაში 16 ივლისს გაიმართება.