18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
საერთაშორისო ფედერაციიდან არცერთი ოფიციალური წერილი არ შემოსულა - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციიდან არავითარი ოფიციალური წერილი არ შემოსულა. ალექსანდრე მეტრეველი იმედს იტოვებს, რომ ცნობილ ჩოგბურთელს წარდგენილი ბრალი არ დაუდასტურდება.

"საერთაშორისო ფედერაციასთან, ჯერ ჯერობით, კომუნიკაცია არ გვქონია, არც მე და არც ფედერაციის პრეზიდენტს. არცერთი ოფიციალური წერილი ფედერაციაში არ მოსულა. რაც შეეხება ნიკას რეპუტაციას, მე პირადად არანაირად არ ვთვლი, რომ ნიკას რეპუტაცია რამენაირად შეილახა, რადგან ჯერჯერობით, არც დამნაშავეა და არც ბრალი დაუდასტურდა. უბრალოდ, მისთვის, ალბათ, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. ჯერ ერთი, როცა სამი დღე დაკავებულია ადამიანი, მეორეც - განხილვის საგანი გახდა და არასასიამოვნოა. მე იმედს ვიტოვებ, რომ მას ეს ბრალი ნამდვილად არ დაუდასტურდება,"- ამბობს ალექსანდრე მეტრეველი. 

"კურიერი" ესაუბრა  საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების კაპიტანს დავით კვერნაძესაც, რომელმაც ბრალდებული ჩოგბურთელის ხასიათი გაიხსენა და ის მშვიდ, გაწონასწორებულ პიროვნებად დაახასიათა. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან ყოფილ მეუღლეზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. სპორტსმენის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. წინასასამართლო სხდომა პირველ ინსტანციაში 16 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები