ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი ცოლის სკანდალური საქმის მესამე დღეს მხარეთა რიტორიკა უცვლელია - კვლავ ურთიერთბრალდებები და აპელირება უტყუარ მტკიცებულებებზე. თუმცა, კონკრეტულად რა დეტალებზეა საუბარი - ამას არც ნიკოლოზ ბასილაშვილის და არც ნელი დოროყაშვილის ადვოკატები აკონკრეტებენ. მიზეზი მათი მცირეწლოვანი შვილის ინტერესებია, რომელიც მტკიცებულებების გამჟღავნებამ, შესაძლოა, დააზიანოს.
კორტებზე ვარჯიში კი კვლავ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე გრძელდება. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ საერთაშორისო კოლეგია საქმის დეტალებით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, ეს ბუნებრივია, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და სიმართლე, ჯერჯერობით, დასადგენია. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას, სკანდალი მასზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს.
დავით კვერნაძე ჩოგბურთის ნაკრების კაპიტანია. ნიკოლოზ ბასილაშვილს ბავშვობიდან იცნობს. იცნობს მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილსაც. ამბობს, რომ ერთად ხშირად მოგზაურობდნენ და ყოფილი ცოლ-ქმრის დაძაბული ურთიერთობა არასოდეს უგრძვნია. ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს.
საზოგადოებას ორი ადამიანის ურთიერთობაში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს დეკანოზი შალვა კეკელია. სასულიერო პირის თქმით, ვნებათა ღელვა აუცილებლად დაცხრება, თუმცა სკანდალი არქივში დარჩება და მათი შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. მოძღვარი, რომელიც ოჯახს კარგად იცნობს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და მათ მხარდამჭერებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან ყოფილ მეუღლეზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. ის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, ის 16 ივლისსაა ჩანიშნული.