ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოცდა დროებით შეაჩერა. მიზეზად ორგანიზაცია ახალ კვლევებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, იმ პაციენტებში, რომლებიც პლაქვენილით და ანტიბიოტიკ "მაკროლიდით" მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება გულისხმობს პლაქვენილის დროებით ამოღებას გაეროს სოლიდარობის კვლევიდან, რომელიც ახლა იწყება და რომელსაც საქართველოც შეუერთდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია აკვირდება სტატისტიკას და ელოდება დამატებითი კვლევის შედეგებს. წამლის არგამოყენების საკითხზე კი გადაწყვეტილებას სხვა ორგანიზაციები, ამერიკის FDA და ევროპის წამლის სააგენტო იღებენ. ანუ, პლაქვენილი მსოფლიოს პროტოკოლში რჩება. სხვადასხვა ქვეყანა COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატს ისევ გამოიყენებს. პლაქვენილით მკურნალობაზე უარს ამ ეტაპზე არ ამბობს არც საქართველო. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ირწმუნება, რომ საქართველოში პლაქვენილით მკურნალობისას გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება ეფუძნება ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალ, "ლანცეტში" გამოქვეყნებულ კვლევას. ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კვლევა ციურიხის უნივერსიტეტმა და ჰარვარდის სამედიცინო ჯგუფმა ჩაატარეს. შეისწავლეს 6 კონტინენტის 670 კლინიკაში მყოფი 96 ათასი პაციენტის მდგომარეობა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ გაიზარდა სიკვდილიანობის რისკი. მაჩვენებელი ჯგუფების მიხედვით ასეთი იყო - ვინც არ მოიხმარდა პრეპარატს 9%, ვინც იღებდა 18%, და ვინც მედიკამენტს მოიხმარდა კომბინაციაში ანტიბიოტიკ "მაკროლიდთან", იგივე "აზიტრომიცინთან" ერთად, მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 23% იყო. ექიმი თვლის, რომ ამავე კვლევაში არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტიც, რაც აჩვენებს, რომ პლაქვენილის გამოყენება რიგ შემთხვევებში ნაკლებად დამაზიანებელია. ბიძინა კულუმბეგოვი თვლის, რომ პაციენტებს განგაშის საფუძველი არ აქვთ.
პლაქვენილი ახალი წამალი არ არის, ის ათეულობით წელია მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება. "კურიერთან" ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში აცხადებს, რომ პლაქვენილინთან დაკავშირებით განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები თავიდანვე ვრცელდებოდა.
პლაქვენილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გასულ კვირასაც აღმოჩნდა, როცა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რაც მსოფლიოში პანდემია გამოჩნდა, ის მას პროფილაქტიკის მიზნით იღებს. დღეს სურათი ასეთია, პლაქვენილი გაეროს სოლიდარობის კვლევიდან ამოღებულია, მაგრამ მოხმარებაში რჩება მანამ, სანამ არ იქნება ახალ და უფრო საფუძვლიან კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო შეთანხმდა, რომ კოვიდინფიცირებულებში ამ მედიკამენტს ზიანი სარგებელზე მეტი აქვს, მაშინ სავარაუდოდ პლაქვენილი ლოპინავირ-რიტონავირის კომბინაციით ჩანაცვლდება.