"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს NATO-სა და ევროკავშირში მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს, 26% კი ამის წინააღმდეგია. აღნიშნულ კვლევას "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
"NATO-ში გაწევრიანებისგან მოსახლეობა უპირველესად უსაფრთხოებას მოელის, ევროკავშირში გაწევრიანება კი, მათი აზრით, ქვეყანას უპირველესად ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს NATO-სა და ევროკავშირში მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს, 26% კი ამის წინააღმდეგია.
გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49% - 2019 წელთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტი) ეთანხმება აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტი და საქართველოს მტერია და ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს, 39% კი, ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთთან ამგვარ ურთიერთობებს ემხრობა, რაც შარშანდელ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით დაკლებული მონაცემია.
კვლევა ჩატარებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ ქვეყნის მასშტაბით (გარდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული არეალებისა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიებისა) ჩატარებულმა 1 763 რესპოდენტის გამოკითხვამ, რომლის ცდომილების ზღვარი 2.2%-ის ფარგლებშია," - აღნიშნულია კვლევაში.