საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, განაცხადა რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების გამო დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერის მითითებას მთავრობა ვერ გასცემს, რადგან, შესაძლოა, ამ შემაკავებელმა ინსტრუმენტმა შემდგომში აღარ იმუშაოს.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი ნამდვილად გადასახედია.
"ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს დაწესებული სერიოზული შეზღუდვები, იყო 9 ათასი. არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს, ამიტომ აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რადგან შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ მითითებებს და, მით უმეტეს, დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პრემიერს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ჩამოიწეროს ის 3000 ლარიანი ჯარიმები, რომელიც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით ასეულობით მოქალაქეს დაეკისრა.