საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმში უნდა პოზიციონირდეს, როგორც "COVID free" და ვირუსთან ეფექტურად მებრძოლი ქვეყანა. პრემიერმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ტურიზმის სფეროში დამატებითი ღირებულება გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში მეტი გადახდისუნარიანი ტურისტის შემოყვანა იქნება შესაძლებელი.
"მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე, პირიქით - ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, ღვინოს, სიმღერას, სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი, საქართველო, როგორც "COVID free" და ვირუსთან ბრძოლაში ეფექტური ქვეყანა. ეს იგივე შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისზე, როგორც შესაძლებლობაზე და ტურიზმში ამის გაკეთება შესაძლებელია. საქართველო, როგორ ტურისტული ბრენდი, თუ ჩვენ სწორად ვმართეთ ეს ეტაპი ვირუსის მართვის და ადაპტაციის, შეიძლება გამოვიდეს უფრო გაძლიერებული. ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფილის შეცვლაზე ჯერ არ უნდა ვიფიქროთ. დამატებითი ღირებულება ტურიზმში ჩვენ მართლა შეგვიძლია გავზარდოთ, რადგან მეტი გადახდისუნარიანი ტურისტის შემოყვანა იქნება შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ ბოლო წლების განმავლლობაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების რაოდენობა ქვეყანაში ბევრად გაიზარდა,"- განაცხადა პრემიერმა.