თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის დაწყებას ხმაური და დაპირისპირება მოყვა. საუბარია 7 შენობაზე, რომლის დემონტაჟსაც მოსახლეობა შეეწინააღმდეგა. ისინი ამბობენ, რომ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, შენობების აღება კი მერიამ იმ მოტივით გადაწყვიტა, რომ სახლები რეკრეაციულ ზონაში თვითნებურად არის ჩადგმული.
მოსახლეობასა და მერიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ადგილზე პოლიცია მივიდა. მერიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას შესთავაზა, რომ შენობების დემონტაჟი მათ თვითონვე მოახდინონ, რისთვისაც 1 კვირიანი ვადაც მისცა. ადგილობრივები კი ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. ისინი მოითხოვენ, რომ ტერიტორია თავადვე შეისყიდონ და არანაირი დემონტაჟი არ მოხდეს.
ადგილზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც მივიდა. მან მერიის წარმომადგენლების ქმედება დაგმო და მთავრობას მოუწოდა უკვე აშენებული სახლები დააკანონოს იმ ადამიანებზე, ვინც ეს შენობები ააშენა.
"სამარცხვინოა, რომ ხელისუფლება არცერთ საცხოვრებელს არ აშენებს სოციალურად დაუცველებისთვის და უსახლკაროებისათვის. უკვე აშენებულ სახლებზე კი ვთვლით, რომ მათი დაკანონება უნდა მოხდეს და არა დემონტაჟი,"- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ინციდენტის შესახებ უკვე ინფორმირებულია თბილისის მერი კახა კალაძეც. ის აცხადებს, რომ საუბარია უკანონო მშენებლობებზე, ამიტომ მისივე თქმით, აუცილებელია კანონის აღსრულება მოხდეს.
"ეს ტერიტორია არც ჩემი საკუთრებაა და არც სხვა ვინმესი, ეს გახლავთ სახელმწიფოს ქონება და შესაბამისად, უკანონოდ მიწების მითვისება და იქ შენობა-ნაგებობების განთავსება კანონით შეზღუდულია. ამიტომ, ჩვენი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, ამ ადამიანებს მიეცემათ გონივრული ვადა, რომ დაშალონ თავიანთი აშენებული შენობები,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.