საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" პრემიერის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ მის ინტერპელაციის წესით მოწვევას უკვე ნანობს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრემიერს ძალიან კარგი, კონკრეტულ ციფრებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული გამოსვლა ჰქონდა.
"ინტერპელაციის პირველი ეტაპი უკვე შედგა. ვფიქრობ, ამ კითხვის ავტორები, ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას," ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ახლა. ისინი აშკარად ძალიან ნანობენ, რომ ინტერპელაციის გამოყენების იდეა გაუჩნდათ, იმიტომ, რომ საზოგადოებამ კარგად ნახა ის ორი მხარე, რაზეც ჩვენ დღეებია ვსაუბრობთ. ერთ მხარეს არის ზრუნვა საკუთარ მოქალაქეებზე, დღეს პრემიერს ჰქონდა ძალიან საქმიანი, კონკრეტულ რიცხვებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული გამოსვლა და ამ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან ბანალური, მანიპულირებით სავსე გამოსვლა. ეს სხვაობა, რაც მე ვივარაუდე, რომ ამ ორ დღეში შეიცვლებოდა, დღეს უკვე სახეზეა,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მნისიტრი გიორგი გახარია პარლამენტში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.