18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ისეთი აბსურდული გარემო რაც ამ პარლამენტშია, დედამიწის ზურგზე არ მგონია სადმე იყოს, ბასიშვილი, ზონდერი მიზის წინა სავარძელში - ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, ოპოზიციაზე საუბრის დროს ტერმინოლოგია სწორად შეარჩიოს. ირმა ინაშვილმა მოსთხოვა უმრავლესობის წარმომადგენლებს, ოპოზიციაზე საუბრისას კონკრეტული პარტიები დაასახელონ. 

"მე მოგიწოდებთ უმრავლესობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი და ტერმინოლოგია, რომლითაც  ბოლო დროს ოპოზიციას მოიხსენიებთ, შეცვალოთ. ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან მასკარადად. პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ გოიმებად და არაგოიმებად. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნება და ასეთი მიდგომაა,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა პრემიერის პარლამენტში მოსვლას პოლიტიკური სპექტაკლი უწოდა და აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მისის მეორედ მოსვლის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. 

"გრძელდება პოლიტიკური სპექტაკლი, მე ვფიქრობ, საერთოდ არ იყო დღეს პრემიერის პარლამენტში მოსვლა საჭირო. ამომწურავად ისაუბრა. ხვალ ჩვენ მოგიწვევთ და კიდევ უნდა მოხვიდეთ ხვალაც? მაგრამ, ჩვენ რომ მოგიწვიოთ, არ მოხვალთ, "ნაციონალური მოძრაობა" რომ გიწვევთ, მაშინ უნდა მოხვიდეთ, ასე გააგრძელეთ. 

პოლიტიკურ სპექტაკლზე როცა ვლაპარაკობთ, ამ სპექტაკლში, სინამდვილეში, დიდი ტრაგედიაა ჩადებული. თქვენი თამაშები, თქვენი მუდმივი დაპირებები სამართლიანობის აღდგენაზე, მერე ერთმანეთთან ჩახუტებები, გარიგებები და ქართველი ხალხის გადაგდება, ესაა თქვენი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პროფესია. ვინ გითხრათ, რომ ადამიანებს მარტო პური სჭირდებათ? თქვენ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ადამიანებს მთავარი რამ წაართვით - სამართლიანობის რწმენა. ისეთი აბსურდული გარემო, რაც ამ პარლამენტშია, მე დედამიწის ზურგზე არ მგონია, რომ სადმე, რომელიმე პარლამენტში იყოს. ბასიშვილი, ზონდერი, მიზის აგერ, წინა სავარძელში, თითქოს არაფერი.

ყოველი არჩევნების წინ თქვენ გჭირდებათ "ნაციონალური მოძრაობა," რადგან მათი წარსულის ფონზე თქვენ გამოჩნდეთ უკეთესები და ვერ ჩანხართ. არ გამოიყურებით უკეთესად, იმიტომ, რომ ბევრ საკითხში ზუსტად ის გზა აირჩიეთ, რა გზაზეც ისინი იდგნენ.

ამბობთ, რომ 55%-ის მხარდაჭერა გაქვთ. არანაირი 55 % არ გაქვთ. უკვე ჩანს, რომ აპირებთ არჩევნების გაყალბებას და ცუდად დამთავრდება ეს თამაში, თქვენი მორიგი თამაში "ნაციონალურ მოძრაობასთან,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები