18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
საქართველოში ტურისტული სეზონი იხსნება - რომელი ქვეყნებიდან ვერ ჩამოვლენ ტურისტები და რა დოკუმენტები სჭირდებათ საერთაშორისო ვიზიტორებს

საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ტურისტებს ვერ მიიღებს. სეზონისთვის აქტიური მზადება კი უკვე მიმდინარეობს. 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და პირველი ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას შეძლებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე შემომსვლელი თითოეული ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს. ამასთან, COVID-19-გან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად - წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომისა და სხვა კურორტების გამოყოფა განიხილება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტურიზმის აღდგენის პირობებშიც კი, ქვეყანამ რისკები უნდა მართოს.

ინფექციონისტები ტურისტული სეზონისთვის მოსალოდნელ საფრთხის შემცველ რისკებზე საუბრობენ, ნაწილი ოქროს შუალედის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს, რომ ერთი მხრივ, შემოსულ ტურისტს მკაცრი რეგულაციებით დისკომფორტი არ შეექმნას და მეორე მხრივ, ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ აქცენტი, პირველ რიგში შიდა ტურიზმზე გაკეთდება.

უკვე შემუშავებულია რეგულაციები, რომელიც ტურიზმის გახსნის შემდეგ იმოქმედებს. ცნობილია, რომ სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ მიიღებენ. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. რეგულაციები შეეხება ტურისტულ ტრანსპორტსაც.

ამ ეტაპზე ისევ დახურული რჩება სპორტული და გასართობი ადგილები, კინოთეატრები. რაც შეეხება აეროპორტებს და სარკინიგზო გადაადგილებას, ორშაბათს გამოქვეყნდება კონკრეტული მოთხოვნები, რა რეგულაციები დაწესდება და რა დოკუმენტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ საქართვლოში შემოსულ ტურისტებს.

დღის ამბები