ქობულეთის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, სამსართულიანი სახლი, რომელიც აქ უნდა აშენდეს, ქუჩას კიდევ უფრო დაავიწროვებს და მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის.
მშენებლობას კერძო პირი აწარმოებს. ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მას შესაბამისი ნებართვა აქვს და სასამართლო პროცესიც მოიგო. შესაძლებელია, სასმართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გასაჩივრდეს.
"მათი მიწა იყო მაგრამ აქეთ არ უვლიათ არასოდეს, არც ვიცნობდით, მერიამ გვირჩიაო და რატომ ურჩია? კალაძეს 3-ჯერ დავხვდი, წერილი მივეცი, ვთხოვე, არაფერი. აბსოლუტურად არავინ გვაქცევს ყურადღებას,"-აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი მარიკა თავბერიძე.
მეზობლების განცხადებით, მშენებლობის დროს დაზიანდა ქუჩის კომუნიკაციები, თუმცა მის მოწესრიგებაზე მისის მესაკუთრემ უარი განაცხადა
"10 დღის განმავლობაში ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონი ყველაფერი გათიშული გვქონდა, იმ პიროვნებას ვისიც არის ვთხოვეთ რომ მოეწესრიგებინა რაც დააშავა და დაირღვა და მან უარი განაცხადა რომ მე ვერაფერს შევცვლიო," - აცხადებს მეზობელი ნანა მეურმიშვილი.
თავად ზაზა წერეთელი ამბობს, რომ შეუძლებელია ქუჩამ მის კუთვნილ ტერიტორიაზე გაიაროს.
"2 წელია დავა მიდის და დავის ქვეშ დამტკიცებული პროექტი მაქვს, პირველი სასამართლო წააგეს მაგათმა მერიასთან და ახლა მერიას უჩივიან. ჩემს სახლში ახლა გამავალ ქუჩას გავიკეთებ? რომც გავიკეთო არაა ეგ პროექტში," - აცხადებს ზაზა წერეთელი.