18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
"სანანებელი რა მაქვს?!" - მიტროპოლიტი ანტონი ევროატლანტიკური კურსის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანტონმა საკუთარ სკანდალურ ქადაგებაზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი განცხადებით, პრესა "ცუდ სამსახურს ეწევა და ინფორმაციაზე ძალადობს".

მას კითხვა დაუსვეს იმ პოზიციის გამო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამბიონიდან დააფიქსირა და თქვა, რომ უჩნდება ეჭვი, ხომ არ უნდა გადაიხედოს ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი.

"რომელი უფრო ცუდად მოქმედებს, სასულიერო პირმა რომ გააკეთა, თუ იმათ მთელ მსოფლიოს რომ გააგებინეს? ადამიანმა რატომ უნდა იცოდეს ყველაფერი?! ინფორმაციაზე ძალადობთ და ინტერპერეტაციას აძლევთ, თქვენ შესვით ხალხი ამაზე. ხომ არის სიტყვის თავისუფლება, ჩემი სიტყვა არ არის თავისუფალი? მე გეკითხებით, თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? ჩემთვის გავაკეთე დასკვნა, რომ თუკი იმათი ხალხია და ასე იქცევიან, აქედან რა გამოდის, საიდან მოგდით ეს ამბები? ამასაც ისეთ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ, რომ არ ვაპირებ ამაზე საუბარს. ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს, მოდის ტაძარში. სანანებელი რა მაქვს, თქვენ უნდა ჩაგაბაროთ აღსარება? ეს ჩემი სივრცეა და დატოვეთ ტერიტორია"-განაცხადა მიტროპოლიტმა

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტმა ანტონმა ქადაგებაზე ეკლესიის "შემტევ პირებზე" და მათ ევროპულ დაფინანსებაზე ისაუბრა. 

მან განაცხადა, რომ სინოდზე აუცილებლად განიხილავდა ხელახალი რეფერენდუმის საკითხს და მოსახლეობას კითხავდა, უნდოდა თუ არა საქართველოს ევროპა.

დღის ამბები