სასულიერო პირები მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის განცხადებას ეხმაურებიან - მღვდელმთავარმა მარნეულის მერს ზაურ დარგალს, მარნეულის ცენტრში აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოსთხოვა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ თანაცხოვრობენ ერთად ეთნიკურად განსხვავებული მოქალაქეები.
მიტროპოლიტი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასულიერო პირები მრევლს მუდამ მშვიდობისკენ მოუწოდებენ.
"საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება არის სხვადასხვა რელიგიასა და სხვადასხვა თემს შორის. ერთ-ერთი თვალსაჩინოა, რომ 27 საუკუნეა, რაც ებრაელებთან თანაცხოვრობენ, იგივე, ვთქვათ - სომხები, მუსულმანები და კათოლიკეები. ჩვენ ყოველთვის მშვიდობისკენ მოვუწოდებთ," - აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლტმა.
არქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი მამა იოანე კი აცხადებს, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადება ეხებოდა კონკრეტულად ნარიმანოვს და მას საერთო არ აქვს ეთნიკურ შუღლთან.
"ნარიმანოვი იყო კომუნისტების დროს ერთ-ერთი აქტივისტი, ეს ისტორიკოსემა უნდა თქვან მაშინ. აქ არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ არის, არის კონკრეტულად პიროვნებაზე, რომელიც შედარებულია ორჯონიკიძეს და თუ ასეთი პიროვნება იყო, მისი ძეგლი რად გვინდა ქვეყანაში?!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რას გამოიკვლევს, მე რა გითხრათ, მკითხაობა გამოვა ჩემი მხრიდან. ყველანაირი დივერსია შეიძლება მოხდეს ამ ქვეყანაში," - აღნიშნა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა მამა იოანემ.
სუს-ი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.
კონკრეტულად თუ რა ფაქტებზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება რასობრივი დისკრინიმაციის საქმეზე, უწყება ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. სუსში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება მომავალ კვირას.
"კურიერის" ინფორმაციით, შესაძლოა, რამდენიმე დღეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკვე დაკითხვები დაიწყოს.