კონკრეტულად რა ფაქტებზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე - უწყება, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
სუსში ამბობენ, რომ დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება მომავალ კვირას.
"კურიერის" ინფორმაციით, შესაძლოა, რამდენიმე დღეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკვე დაკითხვები დაიწყოს.
ვერსიებზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს გამოძიება, არასამთავრობოები საუბრობენ. მათ მოჰყავთ ის ბოლო მაგალითები, რომლებიც შესაძლოა რასობრივი დისკრიმინაციის კუთხით, ამ განწყობების გაღვივებას უწყობდეს ხელს. ეს არის სიძულვილის ენის გამოყენება პანდემიის დროს, მაშინ როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი ტერიტორია ჩაიკეტა, განცხადებები, რომლებიც დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი პოზიცია, რომელმაც რომელმაც მარნეულის მერს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მწერლის ძეგლის დემონტაჟი ურჩია.
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა თავად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოძიების ერთ-ერთი ადრესატია.
ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მას ეთნიკური დისკრიმინაციის შემცველი განცხადება არ გაუვრცელებია და შესაბამისად, არ ფიქრობს, რომ სუსმა გამოძიება მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო.
"მე რა ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რას გულისხმობს. მათი განცხადება ჩემთვის არის ბუნდოვანი და ორაზროვანი. მე რომ ვუკავშირებდე ჩემს განცხადებებს, მაშინ მე უნდა მივიჩნევდე, რომ თითქოს ვახდენ სხვა ეთნიკური ჯგუფების და რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციას. ეს არის სიცრუე.
ამ ძეგლს აქტუალობა შესძინა ქალაქის მერმა, რომელმაც პანდემიის დროს მოიცალა და მისთვის პრიორიტეტი გახდა ბოლშევიკის, პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის პატივითა და მარმარილოთი შემკობა.
ჩემი განცხადებები, არცერთი სიტყვა არ იყო შემცველი ვინმე ეთნოსის დისკრიმინაციის მიმართ, აქედან გამომდინარე მე ჩემს თავს ნამდვილად არ ვგულისხმობ," - აღნიშნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა.
სუს-ი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.
კონკრეტულად თუ რა ფაქტებზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე, უწყება ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. სუსში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება მომავალ კვირას.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ქადაგებისას მარნეულის მერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და ქალაქის ცენტრიდან აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოითხოვა.