18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ვინ არის პირი, სახელად აჰმედი, რომელსაც თბილისსა და პანკისში პარალელურად ჩატარებული 2 სპეცოპერაცია უკავშირდება

ორი პარალელური სპეცოპერაცია თბილისსა და პანკისში - სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას პანკისში აფასებენ. მათი ნაწილი მიმდინარე პროცესებს არჩევნების წინ დაშინების მცდელობას უწოდებს, ნაწილი კი ამბობს, რომ დაკავებები უკავშირდება პანკისში ორი გვარის შერიგებისთვის ჩეჩნეთიდან ჩამოსულ ჯგუფს. ოფიციალური განმარტება სუსში ამ დრომდე არ კეთდება.

"კურიერის" ინფორმაციით, პირი, რომელიც საბურთალოზე გუშინ სპეცრაზმმა აიყვანა,  ასრულებდა შუამავლის როლს პანკისში დაპირისპირებულ გვარებს ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის. დაპირისპირება მკვლელობამ გამოიწვია და საუბარი იყო ე.წ სისხლის აღებაზეც, უხუცესებმა ორ გვარს შორის სიტუაციის განსამუხტავად ჩეჩნეთიდან გარკვეული პირების ჯგუფი მოიწვიეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გუშინ დაკავებული პირი, სახელად აჰმედი სწორედ ჩეჩნეთიდან ჩამოსულ ჯგუფს ჩამოჰყვა და უხუცესთა სხდომასაც დაესწრო. ამ ინფორმაციას ადასტურებს უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილიც.  მისი თქმით, აღნიშნული პირი მის სახლშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ნაცნობობა აკავშირებდა მის შვილთან, გედიშ ხანგოშვილთან. გედიშ ხანგოშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ გამოკითხეს, "კურიერის" ინფორმაციით ამ ეტაპზე გედიშ ხანგოშვილიც დაკავებულია. თუმცა ჯერჯერობით არც ამ ცნობის ოფიციალური დადასტურება ყოფილა.

უკრაინიდან ჩამოსული აჰმედის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურთ ქავთარაშვილების ოჯახში, გავრცელებული ინფორმაციით, ის სწორედ მათი მხრიდან მონაწილეობდა მოლაპარაკებაში შუამავლად.

აღნიშნული პირის - აჰმედის პანკისში რამდენიმეჯერ ყოფნას ადასტურებს უხუცესთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი:

"მაშინ ჩეჩნეთიდან იყო ჯგუფი შერიგებაზე ჩამოსული, ავტორიტეტიანი ხალხი იყო, რომელთაც სთხოვეს შერიგება და ამ დროს აქ გარდაიცვალა ერთ-ერთი უხუცესი და ეს ხალხი სამძიმარზე მოვიდა. როგორც ვიცი, ეს ერთი ღამით მისულა და იქ გაუთევია ღამე. ჩემთანაც რომ მოსულიყო მეც შევინახავდი," - აცხადებს პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ჯარაფ ხანგოშვილი.

მიმდინარე პროცესებს თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის თემის გადაფარვის შესაძლო მცდელობად აფასებს სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი:

"სპეცოპერაციაზე მხოლოდ ის ვიცი, რომ თავდაპირველად ნარკოტიკებს ედავებოდნენ ერთ ადამიანს, რომელიც შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით არ დადასტურდა და ამჯერად, სპეცოპერაციის დროს, როგორც ვიცი იარაღს ეძებდნენ. ამ პიროვნების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. თუ მაქვს გარკვეული ეჭვები, რადგან ეს სპეცოპერაცია ძალიან ცუდად დაემთხვა თემირლანზე ანგარიშის გამოქვეყნებას. ის ამბავი, რომელიც გუშინ, აღნიშნული ანგარიშით დაიდო და ძალიან ძალიან გახმაურდა, შესაძლოა იყოს ერთი თემის გადაფარვა, ან საზოგადოებისთვის იმ კადრების წინ წამოწევა, რაც იყო,"- აღნიშნავს  სულხან ბორძიკაშვილი.

დღის ამბები