არასამთავრობო სექტორის ნაწილი მსოფლიო პანდემიის პირობებში საქართველოში შრომის კოდექსის მოდერნიზებას ითხოვს. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" საკანონმდებლო ორგანოს ცვლილებათა პაკეტის დროული დამტკიცებისკენ მოუწოდებს.
დასაქმებულისთვის სამუშაო დროის ლიმიტების დაწესება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების აუცილებლობა და შრომის ინსპექციის გაძლიერება - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელიც კანონპროექტის მიხედვით უნდა დარეგულირდეს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ცვლილებები დამსაქმებელთა მხრიდან კაბალური წესების გამოყენების რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ბიზნესასოციაციაში. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ რეგულაციების გამკაცრება სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. ასოციაციის იურიდიული დირექტორის მტკიცებით, პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტის მხარდაჭერა "კოვიდ-19-ის" გამო დაზარალებულ ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნის.
შრომის კოდექსის ამ ფორმით გარდაქმნას მხარს არც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" უჭერენ. ოპოზიციურ პარტიების სიმპათია შრომის ლიბერალური კანონმდებლობის შექმნისკენ იხრება.
დამღლელი ერთგვაროვანი დამოკიდებულება - ასე პასუხობს კანონპროექტის ინიციატორი ბიზნესასოციაციის კრიტიკას. დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კანონპროექტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ბიზნესი, რომელიც შრომის კოდექსის დახვეწას ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ დასაქმებულთა უფლებებს თვითონ არღვევს.
ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ყოფილი თანაგუნდელის საკანონმდებლო ინიციატივას მმართველი გუნდი. ირაკლი კობახიძე, რომელიც დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად ინიციატივის ხელმომწერია, "კურიერთან" აცხადებს, რომ გუნდი გადაწყვეტილებას კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს. ირაკლი კობახიძის თქმითვე, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღებამდე დასაქმებულთა და ბიზნესის ინტერესები თანაბრად შეჯერდეს.
2011 წლიდან დღემდე, საწარმოო შემთხვევების შედეგად 435 ადამიანი დაიღუპა, 1280 კი დაშავდა - ასე გამოიყურება შრომის ბაზარზე არსებული ბოლო სტატისტიკა. შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში მომდევნო კვირას გაიმართება.