გლდანში მდებარე კერძო საბავშვო ბაღს, შრომის ინსპექციის გაფრთხილების მიუხედავად, მუშაობა დღესაც არ შეუწყვეტია. "კურიერის" გადამღები ჯგუფის დანახვითანავე ბაღის თანამშრომლებმა ისევ სცადეს კარის ჩაკეტვა. ბაღში, სადაც გადამღები ჯგუფი დილის 11 საათზე დღეს კიდევ ერთხელ მივიდა, ადგილზე აღმზრდელი 2 ბავშვთან ერთად დახვდა. ძიძამ ამჯერადაც იგივე გაიმეორა, რომ შენობაში ნივთების ჩასალაგებლად იმყოფებოდნენ და ტერიტორიასაც მალე დატოვებდნენ, თუმცა კამერამ საპირისპირო სიტუაცია გადაიღო.
"კურიერმა" დღეს ისიც გაარკვია, რომ პანდემიის პირობებში მუშაობის აკრძალვის მიუხედევად, კერძო საბავშო ბაღი ყოველგვარი ლიცენზიის გარეშეც ფუნქციონირებს.
9 სართულიანი კორპუსის 1-ლ სართულზე არსებული კომერციული ფართი, როგორც საბავშვო ბაღი, დარეგისტრირებული არ არის. ინფორმაცია არც საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე და არც საინფორმაციო ცენტრების მონაცემთა ბაზაში არ იძებნება.
მას შემდეგ, რაც ბაღის ტერიტორია დავტოვეთ, ინფორმაციის გადასამოწმებლად დირექტორს, მარიამ კაკუშაძეს ტელეფონით დავუკავშირდით. ხელმძღვანელი გვიდასტურებს, რომ ფართი იჯარით აქვს აღებული, მაგრამ კერძო ბაღი ოფიციალურად გაფორმებული არ აქვს.
"კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ, შრომის ინსპექციამ საქმეს მსვლელობა მისცა. რადგან ბაღი დარეგისტრირებული არ იყო, როგორც იურიდიული პირი და უკანონოდ ხდებოდა ეკონომიკური საქმიანობა, ადგილზე ამოღებული დოკუმენტაცია ფინანსურ პოლიციას გადაეგზავნა.
ფინანსური პოლიცია ამ საქმეზე არსებულ სრულყოფილ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. მეორე დღეა, ისევ დუმს საპატრიარქოც. სწორედ საპატრიარქოს ასახელებს კერძო ბაღის ხელმღვანელი მარიამ კაკუშაძე ნებართვის გამცემ ორგანოდ.