18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
რატომ არ მიმართავენ ქალები პოლიციას ოჯახური ძალადობის დროს - EMC-ის წარმომადგენლის განმარტება

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტავს, თუ რატომ არ ითხოვენ საქართველოში ქალები დახმარებას ოჯახში ძალადობის დროს.

როგორც მიქელაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებასა და სიღარიბის დაძლევაზე იმუშაოს.

მიქელაძის თქმით, მხოლოდ ფრაგმენტული რეაქცია კონკრეტულ შემთხვევებზე საკმარისი არ არის.

"ქალთა გაძლიერება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ქალები არ მიმართავენ ძალადობის პრაქტიკების დროს პოლიციას და სწორედ კულმინაცია რაღაც ეტაპზე დგება. სახალხო დამცველის ბოლო 4 წელს შესწავლილი მონაცემებიც აჩვენებს, რომ მიმართვიანობა პოლიციის მიმართ იყო ძალიან დაბალი. ამას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის უნდობლობა. ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული, ძალიან ხშირად თავად პოლიცია ნაკლებად სენსიტიურია ამგვარი დანაშაულებების მიმართ და ქალები მეორადი მსხვერპლობის გამოცდილების წინაშე დგებიან.

ამავდროულად, ძალიან ხშირად ქალებს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარანტიები არა აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ოჯახიდან გამოსვლა და ქმრის მიტოვება კიდევ უფრო მძიმე რეალობაში ჩააგდებთ მათ და მათ შვილებს და რჩებიან მოჯადოებულ წრეში.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღმა ვილაპარაკოთ ჩვენ ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის ანგარიში აჩვენებს, რომ ბრალდებულების უმეტესობა საშუალო განათლების იყო, მათი დიდი ნაწილი იყო უმუშევარი. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ  სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გაჩენილ აგრესიას კაცები ძალიან ხშირად ოჯახის წევრებზე მიმართავენ," - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს. ამ მკვლელობებიდან 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული.2017 წელს 26 ქალი მოკლეს. აქედან 14 ოჯახური დანაშაულის ნიშნით. 2018 წელს მოკლეს 22 ქალი, 7 ოჯახური დანაშაულის ნიშნით. 2019 წელს 19 ქალი, აქედან ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 10 დანაშაული. 2020 წლის ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა "კურიერმა" დათვალა შემთხვევების რაოდენობა - დაახლოებით 10 მკვლელობა, სავარაუდოდ, გენდერული ნიშნით განხორცილდა.

დღის ამბები