შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის თანამშრომლები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ ტრენინგს გაივლიან. განიხილება, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა, ასევე ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობების ფუნქციონირების პრინციპი, მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები, მათი დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის წესი. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი აღჭურვილობა.
"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ბაზაზე დაინერგა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა. სისტემა კარგად აპრობირებული არის საერთაშორისო პრაქტიკაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და მათ შორის რა თქმა უნდა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი, რათა ეფექტურად მართოს შსს-მ ოჯახური ძალადობის შემთხვევები და შესაბამისად მოახდინოს ამ შემთხვევების დროული პრევენცია," - აცხადებს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის (112) დირექტორი გიორგი არსოშვილი.