ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთიდან ჩარევისგან არცერთი სახელმწიფო არ არის დაცული.
დეგნანმა მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ამ პროცესში ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველ გუნდს ეკისრება.
"წინა პერიოდში რუსეთის მოქმედებების შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი სახელმწიფო და საარჩევნო სისტემა არ არის დაცული ჩარევისგან. ამიტომ, მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაიცვას საკუთარი საარჩევნო სისტემა მათი გავლენისგან. ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველო და საერთაშორისო პარტნიორები ვახორციელებთ სხვადასხვა ძალისხმევას და პროგრამას, რომელიც მიმართულია, გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და მათ შეძლონ გაიგონ, რა არის არასწორი ინფორმაცია, დეზინფორმაცია.
იგივე პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ მიაწოდონ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე, იმისთვის, რომ ამომრჩეველი იყოს სრულად ინფორმირებული ოქტომბრის არჩევნებისთვის. მათ უნდა შეძლონ თავისუფალ გარემოში დაშინების გარეშე ხმის მიცემა.
მე იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნები. ცხადია, მმართველ პარტიას დამატებითი პასუხისმგებლობა აქვს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭირვალე და სამართლიან გარემოში. ასევე, პასუხისმგებლობა აკისრია სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, რომ ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებას,"- განაცხადა კელი დეგნანმა.