17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობის გამკაცრებას დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს - ოპოზიცია "ქართული ოცნების" ინიციატივა​ს ფარისევლობად აფასებს

საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა დღეს პლენარული სხდომით განახლდება. სესიაზე ძველ და ახალ კანონპროექტებზე იმსჯელებენ. მათ შორის დაჩქარებული წესით განიხილება "ქართული ოცნების" ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებში, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ინიციატივას მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. მათი თქმით, მსგავსი კანონმდებლობა მანამდეც არსებობდა, თუმცა არავინ დასჯილა.

"ეს არის აბსოლუტურად ფარისევლური იქიდან გამომდინარე, რომ დღესაც არსებობს მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს დასჯას თუკი ხდება საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა და ძალადობა. ვინც ამას წლების განმავლობაში ყოველ არჩევნებზე აკეთებს ის ადამიანები არ ისჯებიან, პირიქით ქართული ოცნება არის ამის შემოქმედი," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონპროექტი შესაძლოა ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს:

"ეს კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე ფარისევლობა, იმიტომ რომ დღემდე არაა გამოძიებული და ადეკვატური სასჯელი დამდგარი იმ გაყალბებებზე, ძალადობაზე და მოსყიდვაზე, რომელიც იყო მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს არის სიყალბე და არ არის გამორიცხული ეს გამოიყენონ ოპოზიციის წინააღმდეგ," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

უმრავლესობაში კი თვლიან, რომ კანონის გამკაცრება დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების საწინდარი იქნება.

"ამ ცვლილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან ამ რეგულაციებთან დაკავშირებით და მათი მოწონება დაიმსახურა, რაც შეეხება თვითონ აღსრულების პრაქტიკას, შეგახსენებთ, მაგალითად 2018 წელს რამდენიმე ათეულ საქმეზე იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და აქედან ნახევარზე მეტში დადგა კონკრეტული შედეგი,"- განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები