საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წავიდა.
კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეს საქართველოდან გასვლის უფლება არ ექნება, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება, ან წარადგენს ყალბ, ან ძალის არმქონე საბუთებს.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შენგენის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ხოლო მოქალაქეს საჭირო დოკუმენტაციები არ აქვს და შენგენის ზონაში შესვლის პირობებს ვერ აკმაყოფილებს, შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას. შესაბამის პირობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს.
ცვლილებების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შს მინისტრმა უნდა დაადგინოს აღნიშნული წესები და პირობები, ამასთან, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ნათქვამი უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები და წესები.
კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, ხოლო პირველი მუხლი 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.