სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესი გაჭიანურდა, რის გამოც კენჭისყრის თავიდან ჩატარება გახდა საჭირო.
ახალი ინიციატივის თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ჯარიმით ან პატიმრობით დაისჯება.
დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას კითხვა გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ამ კანონპროექტის განხილვა ასეთ მოკლე ვადაში და არა მაშინ, როდესაც ივლისში გაცილებით ხმაურიანი და მასშტაბური პროექტი განიხილებოდა.
დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს "ქართული ოცნება" ამ კანონის პრაქტიკაში განხორციელებას.
"პრაქტიკაში როგორ ხედავთ ამ ყველაფერს, ვინ დაისაჯა აქამდე მოქმედი კანონმდებლობით და გამკაცრების შემდეგ რატომ გგონიათ, რომ უფრო ეფექტური იქნება იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არღვევენ კანონმდებლობას და დაშინების, ზეწოლის და მოსყიდვის გზით ცდილობენ საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოხდენას,"-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
"ქართული ოცნების" წევრის, რევაზ არველაძის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღებისას ზიანი "ქართულ ოცნებას" ადგება, რადგან თუ ვინმე "ქართულ ოცნებას"ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას დააბრალებს ამ კანონის დარღვევას, პასუხისმგებლობა მაინც "ქართული ოცნებას" დაეკისრება.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი დაინტერესდა, თუ რატომ გახდა საჭირო დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების მიღება და რატომ არ იმსჯელეს ამ საკითხებზე დეპუტატებმა მაშინ, რა ფორმატშიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე მსჯელობდნენ.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საფრთხე არსებობს, რომ სამართალდამცველებმა ამ კანონის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინონ და ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენოს ეს კანონი საკუთარი ოპონენტების დევნისთვის. მისივე თქმით, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მისთვის კანონპროექტის მხარდაჭერა რთულია.
"ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მიიღოს კოლეგების წინადადებები ამ კანონის აღსრულების მექანიზმების დასახვეწად.