"ევროპული საქართველოს" ოფისში დღეს ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სხდომას ყველა ის ოპოზიციური პარტია დაესწრება, რომლებიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ჩატარებულ შეხვედრებზე დადიოდნენ.
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, იქნება დისკუსია და მოლაპარაკება, თუ როგორ უნდა დაიცვან ამომრჩეველთა ხმები გაყალბებისგან.
"გაიმართება მორიგი შეხვედრა. ეს არის გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შტაბი, რომელიც ემსახურება თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვას. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც განიხილება, გავაგრძელებთ დისკუსიას იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ კოორდინაცია საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო დღეს და არჩევნების მერე," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, 26-მა ოპოზიციურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ერთობლივად დაცვის მემორანდუმს მოაწერა ხელი.