17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება, მმართველ გუნდში კი ოპონენტების შეთავაზებებს აბსურდულს უწოდებენ

დღეს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებს. დეპუტატები საკითხს კენჭს მეორე და მესამე მოსმენით უყრიან.

მანამდე კი კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. ოპოზიცია ცვლილებებს არ ეთანხმება.

სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და ეკა ბესელიას მიერ
შემუშავებული ალტერნატიული წინადადებები, თუმცა, როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, მმართველმა გუნდმა არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა. 

"შეთავაზება არჩევნების გაყალბებისგან დაცვის მექანიზმის მხარდაჭერაა. თუ ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმა არასწორად იქნება ოქმში გადატანილი, საჩივრის შემთხვევაში შესაძლოა ეს გამოაშკარავდეს და გამოსწორდეს. ამაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მმართველ პარტიას არ უნდა ეს მექანიზმი იყოს ჩადებული,"- აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით კი, მმართველ გუნდს არჩვენების სამართლიანად ჩატარება არ უნდა და მისივე თქმით, ამაზე ფაქტები მეტყველებს. 

"მათ რომ არ უნდათ არჩევნების სამართლიანად ჩატარება, ეს ერთ რამეშიც ვლინდება - მათ მოგვიწოდეს პოლიტიკურ პარტიებს, რომ 25 მეტრის რადიუსში არ გვყოლოდა ჩვენი არცერთი წარმომადგენელი. ნუ ექნებათ ფოტოებიანი საარჩევნო სიები, რომ სახეები კარგად ამოიცნონ და შემდეგ დააშინონ. მრავალი ისეთი საკითხი იყო ჩვენს მიერ დასმული, რომელიც მართლაც გააჯანსაღებდა საარჩევნო პროცესს, თუმცა მათ არცერთი გაითვალისწინეს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის არცერთი შემოთავაზება არ იყო საკმარისად დასაბუთებული და უმეტეს შემთხვევაში ბევრი უზუსტობა იყო. 

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომან გოცირიძის მიერ შეთავაზებული წინადადებებიდან გამომდინარე, საერთოდ არ სურს "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების ჩატარება, რადგან ოხანაშვილი თვლის, რომ შეთავაზებები აბსურდული იყო. 

"ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადება გვთავაზობდა იდეას, რომ აპრიორი უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მიცემული ხმები. რომან გოცირიძის მიერ შემოთავაზებული წინადადებიდან ჩვენ დაგვრჩა წარმოდგენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების ჩატარება საერთოდ არ სურს, ვინაიდან მათი ინიციატივით, თუ ვინმე გამოვა საარჩევნო უბნიდან და იტყვის ვის მისცა ხმა - ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა

 

 

 

 

 

დღის ამბები