რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლით საქმეზე საუბრისას რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოსა და ამერიკას ადანაშაულებენ. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და შეერთებულ შტატებშია. დუმის დეპუტატის ინფორმაციას აბსურდულსა და მტრულს უწოდებენ თბილისში.
"ტყუილი, რომელსაც გამომპასუხებელი არ ჰყავს წლების განმავლობაში, აუცილებლად მოგვევლინება ის სიმართლედ და ამ ტყუილს ეყოლება გამავრცელებლებიც და მხარდამჭერებიც, ამიტომ მათ ეს ძალიან კარგად იციან და შესაბამისად მუშაობენ იმაზე, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები იყოს უწყვეტი და ვრცელდებოდეს უწყვეტ რეჟიმში და მუდმივად ჰყავდეს ამ ინფორმაციას მხარდამჭერები და გამავრცელებელი, რადგან ადამიანს აქვს მიდრეკილება, რომ ინფორმაციას, რომელსაც ის ხშირად ისმენდა, ჩათვალოს განხილვის ღირსად და მიიჩნიოს მართებულად," - აცხადებს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრ "საქართველოს" ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი.
რუსი პუბლიცისტი და ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიდგომები იგივეა, რაც საუკუნის წინ ჰქონდათ:
"იდიოტიზმზე კომენტარის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ვერ განვითარდა, მიდგომები რომელიც საუკუნის დასაწყისში ჰქონდათ, მათთვის ახლაც აქტუალურია. სამწუხაროდ მათ მოწამლეს უამრავი ადამიანი, საჭიროა ამ ყველაფერში ვინმეს დადანაშაულება, საქართველო კი, რომელიც მტრების ხუთეულში ჰყავთ შეყვანილი, იდეალური ვარიანტია, რადგან პატარა ქვეყანაა, დიდებთან ომისთვის კი არც რესურსი და არც ინტელექტი არ აქვთ საკმარისი. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ყველა მსგავს იდიოტურ ბრალდებაზე ოფიციალური განცხადების გაკეთება და მათი ლუგარის ცენტრში დაპატიჟება უფრო და უფრო ხშირად," - განაცხადა ოლეგ პანფილოვმა.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე დუმილის გამო აკრიტიკებს:
"ის რომ რუსეთის ფედერაცია კლავს, წამლავს, იყენებს სხვადასხვა ნივთიერებებს მისთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ, არის ყველასთვის ნათელი, ეს გააკეთა ადრე სკრიპალის შემთხვევაში, როგორც ჩანს იგივე გააკეთეს ნავალნის შემთხვევაში, პირდაპირ მოკლეს ჩვენი მოქალაქე გერმანიაში. ჩვენი ქვეყნის პოზიცია არა მარტო სხვა ქვეყნის მოქალაქეების, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებითაც, როგორც წესი არის ხოლმე დუმილი და ეს არის სრულიად მიუღებელი პოზიცია," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს ხელისუფლების მიერ პოზიციის გამოხატვის დაგვიანებაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილიც:
"ნავალნის შემთხვევა ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი, ძლიერი არეგუმენტი იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან ხმამაღალი განცხადებები გააკეთონ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებზე. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ დაუფიქსირებია ამაზე პოზიცია, ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკური მორიგ ჯერზე იყენებს ამ შემთხვევასაც ანტი დასავლური პროპაგანდის გასავრცელებლად, როგორც რუსეთში, ასევე ჩვენს რეგიონში და კიდევ ერთხელ გვესმის ეს აბსურდული ბრალდებები, რომ რაღაცნაირად ეს შემთხვევა არის კავშირში ლუგარის ლაბორატორიასთან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ლუგარის ლაბორატორიის პოზიციების დასაცავად მუდამ მკაფიო და მკვეთრია. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები რუსული ნარატივი და ჰიბრიდული ომის ნაწილია:
"ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, დეზინფორმაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლის მიზანი არის ერთის მხრივ საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობის დისკრედიტაცია და საქართველოში გარკვეული ვითომდა ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა, რაც არის რა თქმა უნდა, სრული აბსურდი და სისულელე, მაგრამ ეს არის სწორედ იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი და ცხადია ამაზე ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან მკვეთრი განცხადება, ისევე როგორც აშშ-ის საელჩოს ამაზე განცხადება არაერთხელ გაუკეთებია და კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ეს ლაბორატორია არის უნიკალური და ემსახურება მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და მეორე - ასეთ თავდასხმებს, რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ, ეს არის რუსული ნარატივი და ამ ნარატივს ჩვენ შეგვიძლია რეალობა და ობიექტურობა დავუპირისპიროთ," - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოდან კომაშია. ის შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავი იძულებით ქალაქ ომსკში დაეშვა. ნავალნის თავდაპირველად ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, რამდენიმე დღეში კი ბერლინში გადაიყვანეს. ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს, თუმცა ამას არ ადასტურებდნენ რუსი ექიმები. ბერლინის კლინიკაში გადაყვანილ ნავალნის დამატებითი კვლევები ჩაუტარეს. გუშინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია ქიმიური ნივთიერებით, რომელიც "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტების ჯგუფს მიეკუთვნება. მსგავსი ნივთიერება იქნა გამოყენებული დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სკრიპალის მოწამვლის დროსაც.