მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს "ქართული ოცნება". ხაშურის მოსახლეობას დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ დუგლაძე ქვიშხეთში წარუდგინეს. კანდიდატების წარდგენას შიდა ქართლში “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაშურის მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას ოკუპაციის პრობლემას შეეხო და დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"დღეს ხაშურში ვართ, ქართლში ვართ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ოკუპაცია. არ შეიძლება, არ გავიხსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში გვყავს სამშობლოში დევნილი ათობით ათასი ადამიანი და განსაკუთრებით დღეს უნდა გავიხსენოთ ეს, რადგან სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა ფიზიკურად, ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი რეზოლუცია, უპრეცედენტო 84 ხმით გავიდა, ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებას და ადასტურებს, რომ ჩვენ გლობალურად საერთაშორისო სამართლიანი მხარდაჭერა გვაქვს იმ მიმართულებით რომ ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ხაშურის პრობლემების მოგვარება გაუგრძელდა, თუმცა ის პირობას დებს რომ უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის განხორციელება, რომელიც რეგიონში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას გულისხმობს.