84 მომხრე - 13 წინააღმდეგი - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მხარდამჭერი გაეროს რეზოლუცია მიღებულია. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.
ნიუ-იორკში გამართული 74-ე სესიის შედეგებს თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.
"ეს იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს სიტუაცია, დევნილების ჰუმანიტარული მდგომარეობა და სტატუსი საერთაშორისო საზოგადოებას აწუხებს, მათთვის ეს შეშფოთების საგანია. ამ საკითხის გარშემო ცნობადობა იზრდება.
რაც შეეხება ამ სიტუაციაში ქმედით ნაბიჯებს, აუცილებელია, რომ რუსეთმა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. გაიყვანოს საკუთარი ჯარები კონფლიქტის ტერიტორიიდან და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს იქნება საწყისი ეტაპი იმ ადამიანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ,"- განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამ რეზოლუციას "დიდი მონაპოვარი" უწოდა.
"ეს არის დიდი მონაპოვარი, რომელიც ყოველწლიურად გვიჯდება ძალიან დიდი მცდელობების და ენერგიის ფასად. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლევანდელი წელი, რადგან თითქმის 7 თვეა გარემო ლოქდაუნის პირობებში იმყოფებოდა და დღენახევრით გაიხსნა, რომ კონსესუსურად არსებული რეზოლუციები გასულიყო და ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი რეზოლუცია კონსესუსური რეზოლუციების შემდეგ გასულიყო. ეს დიდი მიღწევაა,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.