ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო პლაკატებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრეს.
ფაქტის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ ისაუბრა.
მისი თქმით, ქმედება ზუგდიდში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უკავშირდება და მარშრუტზე, სადაც გახარია გაივლის, მის სააგიტაციო მასალაზე ჩიქოვანის პლაკატებია გაკრული.
"დღეს ზუგდიდს სტუმრობს გახარია და ამა ვაჟბატონის, ბატონი ჩიქოვანი, თანამედროვე კომკავშირელის შტაბმა გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი მიეძღვნა და იქ სადაც გახარია გაივლის, ჩემ პლაკატებს ბატონი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრეს.
ბატონ ჩიქოვანს მინდა ვუთხრა, რომ ძველი ქართული კინოფილმები ნახოს და იცოდეს, რომ თავიდან ვერ წაშლი. ველურობაზე მე არ ვპასუხობ ველურობით და პლაკატებით, სადაც კარიკატურულად არი ბიძინა ივანიშვილის გაძევება ზუგდიდიდან, დავხვდებით პრემიერ-მინისტრს,"-აცხადებს პარლამენტის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" გიგი უგულავა.
გიგი უგულავა აპირებს, ცესკოში შესაბამისი სარჩელიც შეიტანოს. მან ქალაქში კარიკატურული პლაკატები სახელწოდებით "ბიძინას გაძევება ზუგდიდიდან" გააკრა.