მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ, მადლობა გადაუხადა პარტნიორებს - აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და პოლონეთს და აღნიშნა, რომ ცოდნა, რომელსაც ჯარისკაცები მიიღებენ ერთობლივად, გლობალურად მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ.
"ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის და ჩვენი საერთო მისწრაფებების. როდესაც მე აქ ვხედავ 2800-მდე ჯარისკაცს, სამხედრო მოსამსახურეს და წარმომიდგენია, როგორი ეფექტური და ღირსეული იქნება მათი ერთობლივი წვრთნები, რა თქმა უნდა ჩვენ უაღრესად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ცოდნა, რომელსაც დღეს აქ ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ ჩვენ ერთობლივად, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ქართველ ჯარისკაცებს, რომ ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში მსგავსი წვრთნებით, პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
"ჩვენ დღითი-დღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, კეთილდღეობა და მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის ეგიდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით და ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს ჯარისკაცებს, რომ ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,”- აღნიშნა პრემიერმა.