"ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს "ძალა ერთობაშიას" მხარდაჭერაც აქვს.
მმართველ პარტიაში კვლავაც აცხადებენ, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტს, მას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით ოპოზიცია თავს წამგებიან მდგომარეობაში იგდებს.
"აქ დარჩენილი "ნაციონალების" და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოსაა, რადგან ისინი თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან. ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა სამშობლოზე, მოქალაქეობაზე. ის აზიანებს ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიცია მაინც ებღაუჭება მას და კიდევ უფრო ანულებს საკუთარ შანსებს. 31 ოქტომბერს ჩვენ, "ქართული ოცნება" ვაჩვენებთ ძალიან კარგ შედეგს და ამ ქვეყანაში კვლავაც ვუზრუნველვყოფთ მშვიდობას,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის ფრაქციის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, იმ პარტიებმა, რომლებმაც სააკაშვილის პრემიერობას მხარი დაუჭირეს, მის მიერ ჩადენილ დანაშაულში თანამზრახველობას აღიარებენ.
"ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, 10 დღის უკან უმძიმესი დანაშაულები საკუთარი პირით აღიარა და ამის მერე ეს ოპოზიცია ასახელებს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ესენი არიან ჩვენი პოლიტიკის წარსულები, რადგანაც აქვთ უმძიმესი დანაშაული ჩადენილი. ამ დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიები აღიარებენ, რომ ისინიც არიან მათი თანამზრახველები ამ დანაშაულში. ამიტომ, ერთადერთი, რაც მისი ჩამოსვლის შემდეგ მოხდება, სამართლიანობა აღდგება და ის სასჯელაღსრულების საკანში აღმოჩნდება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია მიხეილ სააკაშვილის მომავალს პენიტენციურ სისტემაში ხედავს.
"ეს აკვიატება მალე გაივლის და მე მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, როგორც შრომისმოყვარე კაცი, რომელიც იქ კერავს ქუდებს, ხელთათმანებს პენიტენციალურ სისტემაში. ეს კანონი უნდა აღსრულდეს ყველა შემთხვევაში, მისჯილი აქვს ამ კაცს და ის აუცილებლად მოხვდება ამ დაწესებულებაში,"- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.