17 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ერთადერთი, ვისაც სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია "ქართული ოცნებაა" - ლევან კობერიძე

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას ოპოზიციურ პარტიებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. 

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ იმ "ძალა ერთობაშიას" საერთო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეყოლებოდა და ეს მათ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმითაც იყო გათვალისწინებული. მისივე თქმით, საერთო კონსულტაციებით გადაწყდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მათი საერთო კანდიდატი ყოფილიყო.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებაზე აპელირება მმართველი პარტიის მორიგი სტრატეგიაა.

"ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ სათამაშოდ ჰქონდა დაბრუნების საკითხი - სააკაშვილი დაბრუნდება, რომ დაბრუნდება, რას უზამენ და მთელი ეს არანორმალური და ქვეყნისთვის არაფრისმომცემი კონტექსტი. ახლა ხელახლა იქნება მისი პრემიერობის საკითხი. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - ივანიშვილს და მის გარემოცვას სურს დღევანდელი ვითარების, ჩიხის, კატასტროფის შენარჩუნება, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს მოქალაქეების აზრი. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ამის შეცვლა და "ევროპული საქართველო" ამისთვის მუშაობს, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ძალა ერთობაშიას" მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას ვიწრო პარტიული ინტერესების წინ წამოწევად აფასებს. 

"მე ძალიან ვეჭვობ, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს, 1%-ზე მეტ შანსს ამისას არ ვტოვებ. მიუხედავად იმისა, რომ მას პოლიტიკურად სხვა გამოსავალი არ აქვს, მაინც მგონია, რომ არ ჩამოვა. რაც შეეხება მისი პარტიის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრად მის დასახელებასთან დაკავშირებით შევაფასებდი, როგორც პარტიული ინტერესის უფრო მაღლა დაყენებას, ვიდრე საერთო ოპოზიციური და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებას,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სიტუაციას "ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი" უწოდა. 

"ერთადერთი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების დაანონსება უხარია, ვხედავთ, რომ ეს "ქართული ოცნებაა". ეს არის ისევ ის ყავლგასული ოპროლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც გვთავაზობს ისევ ეს ორი პოლუსი. ყველაზე მთავარი გამოწვევა მთელი პოლიტიკური სპექტრის, მოსახლეობის, არჩევნების არის სწორედ ამ ორპოლუსიანობის დარღვევა,"- განაცხადა ლევან კობერიძემ. 

დღის ამბები