ბიუროს სხდომა მცირე ხმაურით დასრულდა - ბექა ნაცვლიშვილის პროტესტი გიორგი კახიანის მიერ სხდომის დროზე ადრე დასრულებას მოჰყვა. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ მას რეზოლუციის პროექტზე "დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი" საორგანიზაციო საკითხების დაზუსტება სურდა და კოლეგებთან კონკრეტული კითხვების დასმა ვერ მოასწრო.
"რეზოლუციის პროექტი, რომელიც პირდაპირ ლუსტრაციას ახდენს "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" "ნაციონალურ მოძრაობად" ჩამოყალიბების და დამსგავსების, აქედან გამომდინარე "ქართულ ოცნებას" არ გაუჩნდა სურვილი სამწუხაროდ, ამ რეზოლუციის განხილვისა, ამიტომ ჩვენ გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვა, რადგან სხვა საკანონმდებლო ინიციატივები არ არის განსახილველი, რატომ არ იხილება ეს რეზოლუცია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.
პროცედურული საკითხების დაუზუსტებლობა სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა, ბექა ნაცვლიშვილსა და უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას შორის.
"საორგანიზაციო საკითხზე იყო, ბექას უნდოდა რაღაცის თქმა და ბიუროზე ვერ შეამჩნიეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენ გისმენთ მეთქი, მეტი არაფერი. პატივისცემის მეტი არაფერი იყო ჩვენს შორის," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია.