არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩვენების" მესამე შუალედურ ანგარიშს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
"ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლების შეფასებით, ამ ანგარიშში ცხადად გამოჩნდა მმართველი გუნდის ნაბიჯები, თუ როგორ აპირებენ არჩევნების მოგებას.
"გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში საუბარია "ქართული ოცნების" მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამ ფაქტებს, "ქართული ოცნების" მხრიდან ყოველდღიურად, ყველა ოლქში ვხვდებით. ბუნებრივი მხარდამჭერი აღარ დარჩათ და ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა დარჩათ ეს,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძე.
"სამართლიანი არჩევნების დასკვნა ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, რადიკალურად არის გაზრდილი მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მუქარის, შანტაჟის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკურ ოპონენტთან მიმართ, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა არის "ქართული ოცნების" და მისი რეპრესიული მანქანის ნამდვილი სახე,"- განაცხადა პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
ხოლო თავად მმართველი გუნდის შეფასებით, არჩევნები იქნება გამჭვირვალე და ყველა შესაძლო დარღვევა მალევე იქნება აღმოფხვრილი.
"მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების 99 %. ბოლო ინიციატივას "ქართული ოცნების", რომელიც სისხლის სამართლებრივად ამძიმებს პასუხისმგებლობას მოსყიდვის და არჩევნების დროს რაიმე სახით ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის კუთხით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი.
ამომრჩეველთა მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა, მუქარა და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტები - ამ თემებზე საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" კვლევაში, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდს ეხება. მესამე შუალედურ ანგარიშში საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევებზეა საუბარი.