17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ორპოლუსიანი სისტემა მუშაობს აიწონა-დაიწონას პრინციპით, როგორც კი აქეთ დაჯდება მიშა, ბიძინა ადის ზევით - ანა დოლიძე

"მოძრაობა ხალხისთვის" თავმჯდომარის ანა დოლიძის შეფასებით, წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება და დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები "ქართული ოცნების" გაძლიერებას უწყობს ხელს. ამის შესახებ ანა დოლიძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"ორპოლუსიანი სისტემა მუშაობს აიწონა-დაიწონას პრინციპით, როგორც კი აქეთ დაჯდება მიშა, ბიძინა ადის ზევით. ეს ორი ფიგურა აბალანსებს ერთმანეთს და უქმნის ერთმანეთს არსებობის წყაროს. თუ ჯანდაცვის, მედიკამენტების, სამართლიანობის საკითხებზე "ქართული ოცნების" ლიდერები დებატებში არსად არ ჩნდებიან, ამ თემაზე ისინი დიდი ენთუზიაზმით გამოვლენ წინა ხაზზე," - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა არარეალურია, თავისი სამართლებრივი შინაარსის გამო.

"სამართლებრივად რომ შევხედოთ, სააკაშვილის დაბრუნება არის ფანტასმაგორია, არავითარი სამართლებრივი შინაარსი ამ განცხადებას არ ექნება, იმიტომ რომ მთელი რიგი საერთაშორისო სამართლებრივი დაბრკოლებებია. რომ გარისკოს და ჩამოვიდეს, ამის მერე იწყება მთელი რიგი პროცედურები, როდესაც ის ქვეყნის მართვას ვერ შეძლებს. ამიტომ ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელსაც აქვს პრობლემური შედეგები პოლიტიკური სპექტრისთვის, თუმცა ჩვენ ამომრჩეველი, რომელსაც მოსწყინდა "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" ეს აიწონა-დაიწონა, უნდა გავამხნევოთ და ვუთხრათ, მიდით არჩევნებზე და ახალ ძალებზე გააკეთეთ არჩევანი," - აღნიშნა ანა დოლიძემ.

დღის ამბები