"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბიძინა ივანიშვილი, ცდილობენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები სააკაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირებამდე დაიყვანონ.
"მე არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებულები არიან და ერთად თამაშობენ ერთ თამაშს. აქ არის ინტერესთა თანხვედრა გარკვეულწილად. ორივე ცდილობს პოლარიზაციას და დაიყვანოს პოლიტიკური პროცესი სააკაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირებამდე. სააკაშვილმა ერთ-ერთი ბოლო ჩართვის დროს თქვა კიდეც, თუ არ გინდათ სააკაშვილი, გეყოლებათ ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი იქნება მთავარი საპირწონე, ეს უზრუნველყოფს მათ ძალაუფლებას, მათ ხელისუფლებას, თავისი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. მიუხედავად ნაკლოვანებებისა, მათ ბევრი ხალხი დაუჭერს მხარს და ისინი იქნებიან ხელისუფლებაში.
სააკაშვილი, ასევე, ფიქრობს, რომ თუ თვითონ არ იქნება ხელისუფლებაში და თვითონ არ შეცვალა ივანიშვილი, დავუშვათ, ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვალა სხვა პარტიების კოალიციით, მერე იმას რაღა გადააგდებს?! როგორ იტყვიან, სააკაშვილს რა? ამიტომ მას ურჩევნია იყოს ეს დაპირისპირება, ბოლოს და ბოლოს, ხალხს ივანიშვილი მობეზრდება და მას დაუჭერს მხარს,"-განაცხადა "დღის კურიერში" "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ზურაბიშვილმა.