პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო გარემოში დესტრუქციის შეტანის მცდელობა აქვს. იონათამიშვილი ამბობს, რომ სურვილი აქვთ, საარჩევნო პროცესების დემოკრატიულობას ჩრდილი მიაყენონ.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანია, ქვეყანაში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს.
"მიხეილ სააკაშვილს, "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ ოპოზიციურ სპექტრს ერთად აღებულს, არ შესწევს არანაირი უნარი და რესურსი იმისა, რომ დესტრუქცია შეიტანოს ამ საარჩევნო გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა აქვთ და კიდევ ექნებათ ამაში დარწმუნებული ვარ, ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას. ეს არის მათი მიზანი, ამას ვაღიარებ, მაგრამ ასევე ვაღიარებ და სრული დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს სცენარი მათ არ გამოუვათ და ამ სცენარს ისინი ვერ განახორციელებენ, რადგანაც ამისი უნარი და რესურსი არ გააჩნიათ და ჩვენც არ დავუშვებთ ამას. ჩვენი მიზანი არის, ჩატარდეს ნამდვილად ევროპული, მაღალი სტანდარტის არჩევნები, რომ ამ არჩევნებზე თითოეული მოქალაქის უფლება იყოს დაცული, შევქმენით შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი წარმომადგენლობა ჰქონდეს ოპოზიციურ სპექტრსაც და საარჩევნო სუბიექტებს პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენ ორიენტირებულ ვართ ქვეყნის განვითარებაზე და არც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს არ ვერგებით და ამას არ დავუშვებთ არასდროს,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.