ვინ იქნება "ევროპული საქართველოს" პრემიერობის კანდიდატი, ამ საკითხზე პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ "ღამის კურიერში" ისაუბრა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ დავაყენებთ წინასაარჩევნოდ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, პირველი - გუნდურობას და მეორე - რაც მთავარია, ჩვენი რწმენით, მთავარი განსხვავება, რაც იქნება მომდევნო მმართველობასა და იმისა რაც გვაქვს და რაც გვქონია, არის კოალიციური მმართველობა. პროპორციული სისტემა ნიშნავს კოალიციურ მმართველობას და ჩვენ არ ვთვლით სწორად, რომ წინაპირობები დავაყენოთ. ეს რაღაცა შეჯიბრი პრემიერობანაში დაემსგავსა არდაჭერილი დათვის ტყავის განაწილებას. ჩვენ ვთვლით, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის საკითხები და პრობლემები, რომელიც მომავალმა კოალიციამ უნდა გადაჭრას, ეს არის გადასახადების დაწევა, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის სწორ გამოსავლად მიგვაჩნია ნაფიცი მსაჯულები, ჩვენ ვართ მომხრე რომ ავირჩიოთ პოლიციის უფროსები ადგილებზე, როგორც ეს თავისუფალი სამყაროს ბევრ ქვეყანაში ხდება. ჯობია ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრო იმ იდეებზე, რა იდეებიც ამ უბედური კრიზისიდან და ჭაობიდან გამოგვიყვანს რაც ივანიშვილმა შექმნა. პერსონალიების საკითხი ჩვენთვის არაა მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, პერსონალიების საკითხი შეიძლება გახდეს წინაღობა იმისა, რომ ვერ მოხდეს შეთანხმება," - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, "ევროპული საქართველო" არის ძალა, რომელიც შეკრავს მომავალ კოალიციას და შეასრულებს ერთგვარი ცემენტის როლს.
როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა არარეალურად მიაჩნია.