როგორ უნდა მოხდეს ძალოვანი უწყებების რეფორმირება - ამ საკითხზე ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები მსჯელობენ. სასტუმრო "რედისონში" შეკრებილები ერთმანეთს აცნობენ საკუთარ ხედვას იმის შესახებ, თუ რა ცვლილებებია საჭირო პროკურატურაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
"საუბარია მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ ასე ვთქვათ გადატეხვაზე და რეალურად საბჭოთა სისტემის შეცვლაზე თანამედროვე, ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სისტემით, ეს არის აბსოლუტური პრიორიტეტი დღეს საქართველოსთვის. სისტემა რომელიც ჩაგრავს ადამიანს, ემსახურება პოლიტიკურ პარტიას, სისტემა, რომელიც უშლის ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც არის წინაღობა, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს თანამედროვე სამყაროდ, არის დასანგრევი და ამაზე არის სრული კონსენსუსი," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მათ პოლიტიკურ მოძრაობას შსს-სა და სუსის რეფორმირებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს და ზოგადი ხედვის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან განხილვა:
""სტრატეგია აღმაშენებელს" გვაქვს ჩვენი ხედვა შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით, ის რომ სუსი უნდა იყოს ცალკე, კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო და მასში არ უნდა იყოს ის საგამოძიებო ფუნქციები, რომელიც აცდენილია ამ სამსახურის არსს, ეს არის ასევე შეთანხმების ნაწილი. ამიტომ მნიშვნელოვანი არასამთავრობო სექტორთან ამის განხილვა და მნიშვნელოვანია ზოგადი ხედვის ჩამოყალიბება," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი ლანა გალდავა გამოძიების ეროვნული ბიუროს და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას:
"გამოწვევა პირველ რიგში არის სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზირება, კლანური მმართველობის ჩამოშორება. "ლელოს" პროგრამის მიხედვით იქმნება გამოძიების ეროვნული ბიურო და ანტიკორუფციული დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც დაექვემდებარება პარლამენტს," - აღნიშნა ლანა გალდავამ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე სამართალდამცავი უწყებების მთავარ პრობლემად მათ პოლიტიზირებას მიიჩნევს:
"სწორედ სამართალდამცავი ორგანოების ორგანოების უსამართლო კანონდარღვევით საქმიანობას უკავშირდება ხოლმე ყველაზე მეტი საფრთხეები ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ უწყებების რეფორმირების თვალსაზრისით იყოს სწორი ხედვები საზოგადოებაში და იცოდეს მოქალაქემ რა სჭირდება ამ უწყებებს რეფორმირებისთვის და მეორეს მხრივ რას გეგმავენ თვითონ პოლიტიკური პარტიები, როგორ ხედავენ ამ პრობლემებს და როგორ ესახებათ მათი გადაჭრის გზები. ჩვენი შეფასებით, ამ უწყებების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს პოლიტიზირება," - განაცხადა გურამ იმნაძემ.