"ქართული ოცნება" საარჩევნო სიის პირველ ოცეულს ხვალ დაასახელებს. პარტიულ ღონისძიებამდე კი "კურიერმა" გაარკვია, რომ მათ შორის იქნება 5 ქალი.
სიაში მოხვდებიან ახალი სახეები სხვადასხვა სფეროდან. საუბარია, მათ შორის, ისეთ ადამიანებზე, რომელთაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ.
ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სიაში იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ორი მინისტრი.
არ არის გამორიცხული, საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრებმა მომდევნო მოწვევის პარლამენტში გააგრძელონ საქმიანობა.
"ხვალ იქნება წარდგენა და ხვალ ვიტყვით, დღეს რომ გვდომებოდა, დღეს ვიტყოდით,"- ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.
"ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ მე ვიქნები პირველ ათეულში. ჩვენ გვაქვს სიის ოცეულის პრეზენტაცია ხვალ და მოხარული ვარ, რომ საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ იმ გუნდს, რომლითაც "ქართული ოცნება" წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო არჩევნებში.
ოცეულში გვეყოლება მინიმუმ ხუთი ქალი. ოცეული იქნება, ძირითადად, ახალი საახეებით დაკომპლექტებული, ასევე, იქნებიან ჩვენი პარტიის ლიდერები, რომელთა გარეშეც ეს კამპანია წარმოუდგენელია,"-აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოქმედი დეპუტატები ვერ მოხვდნენ. მათი ნაწილი "კურიერის" კამერასთან წყენასაც არ მალავს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა ელიტამ მიიღო.
"ინფორმაცია მაქვს, რომ არ ვიქნები შემდეგი მოწვევის პარლამენტში. სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს, რატომ არ მექნება სურვილი?! იმიტომ, რომ მე არ ვგრძნობ თავს დაჩაჩანაკებულად, რომ ვერ შევძლო, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს პარტია, მისი პოლიტიკური ელიტა. შემოთავაზება რომ ყოფილიყო, მე სიამოვნებით მივიღებდი,"- აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე.