ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ჰქონდა ინფიცირებულ ლევან გოგიჩაიშვილთან კონტაქტი, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დეპუტატის სამუშაო სივრცე სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება და ასევე პარლამენტის შენობაში რეგულარული დეზინფექცია გაგრძელდება.
"როგორც ცნობილია პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.
სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტის სახელით ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ," - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს დაუდასტურდათ. თავად დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტში გასულ კვირას სამჯერ იმყოფებოდა.