ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ავტორიტეტულ ბრიტანული კომპანიის Survation-ის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აღნიშნულ კვლევას უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ის პოლიტიკური დაკვეთით იყოს ჩატარებული.
"ის ფირმა, რომელმაც ეს გამოკითხვა ჩაატარა არის ცნობილი ცუდად, როგორც ფირმა, რომელიც არაერთ სკანდალში იყო გახვეული, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში აღნიშნული ფირმა ეხმარებოდა იმ კამპანიას, რომელსაც აწარმოებდა რუსეთის დაფინანსებით მხარდაჭერით ევროსკეპტიკური პარტიები. რაც შეეხება იმ შედეგებს, რაც დაიდო ამ გამოკითხვით, ეს უფრო ჰგავს ხელისუფლების დაკვეთილ გამოკითხვას, იმიტომ რომ შედეგები საკმაოდ განსხვავებულია სხვა დამოუკიდებელი კვლევებისგან. აშკარად ვხედავ პოლიტიკურ დაკვეთას, ვიდრე ობიექტურ კვლევას," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრს სერგი კაპანაძეს კითხვები კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით აქვს.
"კვლევა, რომელიც ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს 55% ბუნებრივია იწვევს კითხვის ნიშნებს, თან ვიცით ეს კვლევა როგორ ტარდება ამაზე უკვე გვქონდა დისკუსია რამდენჯერმე და გავახსენებ საზოგადოებას, ეს არის კვლევა, რომელშიც მკვლევარები არ ამბობენ რამდენმა შეიკავა თავი პასუხისგან, აქედან გამომდინარე ეს რიცხვები არ ასახავს რეალობას, იმიტომ რომ, თუ სრული რიცხვები არ გვეცოდინა, მათ შორის, რამდენი ამბობს უარს კვლევაში მონაწილეობაზე, მაშინ ეს რიცხვები უბრალოდ არ ასახავს რეალობას," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განმარტებით, მის პარტიას ყველაზე მზარდი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე აღნიშნულ კვლევაშია მოცემული. ვაშაძე კვლევას უნდობლობას უცხადებს.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ის არ ენდობა იმ კვლევებს, რომელიც სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში გამოქვეყნდება, რადგან მიიჩნევს, რომ ყველა კვლევას პოლიტიკური ნიშანი აქვს.
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ 26 - აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 1 200 ადამიანი გამოკითხა.
Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბრიტანული კომპანია. 10 წლიანი გამოცდილების ფარგლებში ის ცნობილია როგორც ერთ-ერთ ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე. მას გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები ყველაზე ზუსტი პროგნოზი.
აჩვენა ერთ ერთი ყველაზე ზუსტი მონაცემები იტალიის 2014 წლის არჩევნებზე. ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები. 2019 წელს ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი სურათი აჩვენა თანამშრომლობს ბიბისისთან და გარდიანთან. არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.