17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
მყარი საინვესტიციო პირობები, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და 2019 წლის ივნისის მოვლენები - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს

საქართველო, როგორც ბიზნესის კეთებისათვის კარგი ადგილი, გამოწვევების მიუხედავად, რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს - ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ზოგიერთი კომპანია ნდობის ნაკლებობას განიცდის სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ზოგიერთი ბიზნესდავები კი, სასამართლო სისტემაში წლების მანძილზე ჭიანურდება.

თუმცა, საერთო ჯამში, სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში ბიზნესგარემოს პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება ე.წ ელიტარული კორუფცია. თუმცა, დადებით კონტექსტში არის ნახსენები მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები- საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე, საპენსიო რეფორმაზე, შრომის კოდექსში შეტანილ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

დოკუმენეტში საუბარია ექსპროპრიაციის შესახებ დავებზეც. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა მთავრობის პირობებში 2012 წლამდე ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის შემთხვევებს, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, ხდებოდა იძულებითი წესით.

დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია 2019 წლის ივნისის მოვლენებზე.

"ქუჩაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები იშვიათია, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტაკებები იყო 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა. ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ზოგიერთებმა სერიოზული თვალის დაზიანებები მიიღეს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. პოლიციამ შეასრულა საკუთარი მოვალეობა წესრიგის დაცვის ვალდებულების კუთხით".

დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ქვეყანა ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

დღის ამბები