აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ მომზადებულ ანგარიშში დადებითად არის დახასიათებული ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ამ მიმართულებით.
პოზიტიური გზავნილების მიუხედავად, ანგარიშში საუბარია ბიზნესდავების საქმეების სასამართლო სისტემაში გაჭიანურებაზე და ზოგადად სასამართლო სექტორის მიმართ უნდობლობაზე. სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისკენაც მოუწოდებენ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა კვლავ პრობლემად რჩება. ოპოზიციამ აქცენტი ანგარიშის სწორედ ამ ნაწილზე გააკეთა
ანგარიშში პოლიტიკური პროცესებიც არის შეფასებული. დოკუმენტში 2019 წლის 20 ივნისის ღამეს თბილისში განვითარებული მოვლენებიცაა შეფასებული. ანგარიშში წერია, რომ დემონსტრანტებმა სცადეს პარლამენტში შესვლა და ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთებმა სერიოზული, თვალის დაზიანებები მიიღეს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. პოლიციამ კი შეასრულა საკუთარი მოვალეობა წესრიგის დაცვის კუთხით.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ადგილი ეთმობა მოსკოვის ქმედებებს და პირდაპირ წერია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.