ოპოზიციამ ხმების დაცვის საკოორდინაციო შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. თემა საოლქო საარჩევნო კომისიებში ცესკოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი წევრების მმართველ გუნდთან კავშირი იყო.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 73 საოლქო საარჩევნო კომისიიდან 42-ში დამოუკიდებელ წევრად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და "ქართული ოცნების" აქტივისტები შეარჩიეს და ამის მტკიცებულებებიც არსებობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი განმარტავს, რომ დროებითი წევრები ღია და გამჭვირვალე გარემოში შეირჩა.
"ამგვარი კონკრეტული მასალები, კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათ ძალიან მჭიდრო კავშირებს ქართულ ოცნებასთან ან მათ პოზიციებს ქართული ოცნების ბიუროკრატიაში. გაგვაჩნია აბსოლუტურად ყველა - 42-ვე ადამიანთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს არის, პირადად, თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს წარვუდგენთ ყველა ამ გვარს და იმ მტკიცებულებას, რომელიც ეხება ე.წ. მათ არადამოუკიდებლობას. დღეს ვიმსჯელეთ თუ როგორ გავანეიტრალოთ ეს ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატები ოლქში, რომელიც ფაქტიურად ატარებენ მმართველი პარტიის ინტერესებს," - აღნიშნა "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.